ყველა სიახლე

ნეკონმა ClimaCatch პროექტის განხორციელება დაიწყო

ნეკონმა ClimaCatch პროექტის განხორციელება დაიწყო

ნეკონმა 2026 წლის სექტემბრიდან დაიწყო პროექტის: „ადგილობრივი თემების ჩართულობით ინვაზიური სახეობების მოპოვება შავი ზღვის ეკოსისტემის აღდგენისა და ცირკულარული ლურჯი ეკონომიკისთვის“ (აბრევიატურა:ClimaCatch) განხორციელება.

პროექტი ხორციელდება პროგრამის: SoS2LearnDBS (სათავიდან ზღვამდე: თემთა ცოდნისა და ქმედებების გამოყენება მდინარე დუნაის აუზისა და შავი ზღვის რეგიონის აღსადგენად) ფარგლებში, 3 ქვეყანაში (საქართველო, თურქეთი და რუმინეთი) 5 პარტნიორისგან შემდგარი კონსორციუმის მიერ.

პროექტი ClimaCatch ფოკუსირებულია შემდეგი მთავარი გამოწვევების და პრობლემების მიმართ: ატლანტური ცისფერი კიბორჩხალის (Callinectes sapidus) მხრიდან ინტენსიური მტაცებლობა და წყნაროკენური ხამანწკის (Magallana gigas) მხრიდან სივრცისთვის კონკურენცია საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ფსკერულ ბიომრავალფეროვნებასა და კვებით ქსელებს. სანაპიროს მეთევზეები მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს განიცდიან: ზიანდება მათი ბადეები, თავად მეთევზეები იღებენ ფიზიკურ ტრავმებს, ხოლო ადგილობრივი თევზის რესურსები მცირდება. მოპოვებული ეს ინვაზიური სახეობები „სარეველად“ მიიჩნევა და იყრება; ამის მიზეზია გაურკვევლობა რეგულაციების კუთხით და ცირკულარული მიწოდების ჯაჭვების არარსებობა.

ტემპერატურის მატება ქმნის იდეალურ თერმულ პირობებს ინვაზიური სახეობების ექსპონენციალური ზრდისთვის. მათი სრული აღმოფხვრა ბიოლოგიურად უკვე შეუძლებელია. აუცილებელია დაუყოვნებლივ განხორციელდეს აქტიური შემარბილებელი ღონისძიებები და პოპულაციის მიზნობრივი კონტროლი, რათა ინვაზიური სახეობების რაოდენობა ეკოსისტემის ტევადობის ზღვარს ქვემოთ შენარჩუნდეს და თავიდან იქნას აცილებული ეკოსისტემის შეუქცევადი ცვლილებები. ეს ინიციატივა ადგილობრივი თემიდან უნდა მომდინარეობდეს; მეთევზეები არიან როგორც მთავარი დაზარალებულები, ისე ერთადერთი ჯგუფი, რომელიც მუდმივად იმყოფება ზღვაში.

ზემოთ ასვლა